რუსული კლუბი, რომელიც შეკვეთილში პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებს, მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს.
რუსული კლუბის მტკიცებით, "პროექტი მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ და არ ფინანსდება არც ერთი ქვეყნის მიერ". რაც შეეხება უშუალოდ სემინარს, რუსულ კლუბში აცხადებენ, რომ ეს "IV კულტურულ-საგანმანთლებლო ტრენინგია, საქართველოს რუსული ენის მსწავლებლებისთვის".
მათივე ცნობით, ტრენინგში მონაწილეობას საქრთველოს საჯარო სკოლის 50 მოქმედი რუსულის ენის პედაგოგი იღებს.
"ყველა პედაგოგის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მათ ამ ტრენინგში მონაწილეობა აღიქვეს როგორც საჩუქარი: გამოჩენილი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ბრწყინვალე ტრენინგები, საუკეთესო სასტუმროში ცხოვრება, კვება, საკურორტო-საზღვაო ადგილას ყოფნა, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. ხვალ ჩატარდება ბოლო ლექციები და პროექტიც დასრულდება.
არ დავმალავთ, რომ ჩვენ ველოდით ყურადღებას პროექტის მიმართ. მაგრამ არა ასეთს ... რომ ავირიდოთ ცრუ მითქმამოთქმა, რომელიც დაიწყო საინფორმაციო საშუალებებში, მასმედიაში, ვთვლით, რომ ზოგიერთი რამ აუცილებლად განვმარტოთ. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ რომ მასმედია მხარს უჭერს უცხოური ფინანსირების გამჭირვალობის შესახებ კანონს და ასე ერთგულად მას ასრულებს. კანონის მიმართ ასეთი პატივისცემა მხოლოდ მისასალმებელია. თუმცაღა ჟურნალისტები ამ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩნენ. კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი (ხაზს ვუსვამთ არცერთი) უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას.
რაც შეეხება შეკვეთილში რუსეთის ფედერაციის სექციის უფროსის გამოჩენას ეს ფაქტი აიხსნება ძალიან მარტივად. ამა წლის აპრილ-მაისში „რუსულმა კლუბმა“ გამოაცხადა საბავშვო ნახატის კონკურსი პუშკინის 225 წლისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით. კონკურსმა გამოიწვია დიდი ინტერესი. 5 დან 17 წლის ასაკის 269 ბავშვმა ქვეყნის 18 მუნიციპალიტეტიდან წარმოადგინა 313 ნაშრომი. რუსეთის ფედერაციის სექციამ საქართველოში მოგვმართა ჩვენ ინიციატივით, რომ გადავცეთ კონკურსის გამარჯვებულებს და ლაურეატებს საჩუქრები. რა თქმა უნდა ჩვენ დავთანხმდით. დასაჩუქრების პირველი ეტაპი ჩატარდა თბილისში-საჩუქრები გადაეცათ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქში და მის შემოგარენში. 11 ივლის სექციის უფროსი ჩამოვიდა შეკვეთილში, რომ დაესაჩუქრებინა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ბავშვები, რომლებისთვისაც შეკვეთილში ჩამოსვლა უფრო მარტივი იყო ვიდრე თბილისში. ვთქვათ გულახდილად ჩვენ ძალიან ნაწყენი ვართ ჟურნალისტების ქმედებებით, რა დავარქვათ იმ სტატიებს, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ პრესაში და სიუჟეტებს, რომლებიც გავიდა ტელევიზიაში? სამწუხარო შეცდომა? არაპროფესიონალიზმი? თუ ცილისწამება?", - წერია რუსული კლუბის განცხადებაში.
რუსული კლუბი მედიისგან ბოდიშის მოხდასაც ითხოვს.
***
მანამდე ბათუმელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული კლუბი შეკვეთილში პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებს.
სემინარს, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო) აფინანსებს. სააგენტოს სემინარის შესახებ ინფორმაცია საიტზე აქვთ განთავსებული.
სააგენტო 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა და მისი მიზანი რუსული გავლენების გაძლიერებაა. ეს ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს მითითებული.
შეკვეთილის სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა. ბათუმელებისთვის წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, შეკვეთილში მიმდინარე სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მოწვეულები. მაგალითად, ნატალია ნოვიკოვა, რუსეთის "ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის" თანამშრომელია, რომელიც 2022 წლიდან არის უკრაინის სანქციების სიაში.'
სემინარი სასტუმრო "მირაჟში" მიმდინარეობს. ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი მივიდა და სასტუმროს მენეჯერს გაესაუბრა, რომელიც ტრენინგში პრობლემას ვერ ხედავს. იგი ადასტურებს, რომ სემინარს ქართველი პედაგოგები ესწრებიან და ის რუსული ენის სწავლების მეთოდებს ეხება. სასტუმროს მენეჯერი ასევე ადასტურებს, რომ ფულს მას "რუსული კლუბი" ურიცხავს.
დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც ბათუმელებმა მოიპოვა, სემინარში მასწავლებლების გარდა უნივერსიტეტების, იუსტიციის სახლის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ. ამ გეგმის მიხედვით, სემინარი 14 ივლისს უნდა დასრულდეს გალა-საღამოთი, სადაც იქნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.